საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"მეცნიერება,  განათლება,  ინოვაციები და ქიმიური ტექნოლოგიები  - იდეიდან დანერგვამდე 2023"

23 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რ.აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის ორგანიზებით  მე-2 საერთაშორისო კონფერენცია და სეზონური სკოლა: "მეცნიერება,  განათლება,  ინოვაციები და ქიმიური ტექნოლოგიები  - იდეიდან დანერგვამდე. 2023" გაიხსნა. ღონისძიება 25 ნოემბერს დასრულდება. 

 

მისი მიზანია:

 ქიმიური და მომიჯნავე დარგების სამეცნიერო სკოლების წარმომადგენელთა უახლესი ფუნდამენტური და ტექნოლოგიური კვლევების შედეგების და მიღწევების გაზიარება;  კვლევების მეთოდოლოგიებისა და გამოცდილების საფუძველზე, შესაძლო ერთობლივი კვლევების დაგეგმვა;  საპარტნიორო ურთიერთობების გაღრმავება რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის„ Horizon Europe“-ის ფარგლებში ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნის მიზნით;  პოტენციური პარტნიორების მოძიება საწარმოო სექტორში და მათი დაინტერესება სამეცნიერო პროექტების დაფინანსების კუთხით;  ახალგაზრდა მკვლევარების (მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტების) ჩართვა აქტიურ სამეცნიერო შემოქმედებით საქმიანობაში და დანერგვითი ხასიათის ღონისძიებათა შემუშავებაში.

 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ძირითადი თემებია: I. ნანოპროცესები და ნანოტექნოლოგიები; II. სასარგებლო წიაღისეულისა და მეორადი ნედლეულის გადამუშავების ფუნდამენტური და ტექნოლოგიური ასპექტები; III. მწვანე ქიმია; IV. სამეცნიერო ინოვაციების პოპულარიზაცია და კომერციალიზაცია, V. ენერგეტიკა.

 

რ.აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის მიერ 2016 წელს ორგანიზებული საიუბილეო, ინსტიტუტის დაარსებიდან 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის: „Modern Researches and Prospects of their Use in Chemistry, Chemical Engineering and Related Fields“ გამოცდილების გათვალისწინებით 2023-ში, კონფერენციაში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვეს მეცნიერებმა: იაპონიიდან, იტალიიდან, ამერიკიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, ბელგიიდან, აზერბაიჯანიდან,  სომხეთიდან,  ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან,     მოლდოვიდან,  უკრაინიდან, ბრაზილიიდან, პორტუგალიიდან და ირანიდან.

 

კონფერენციის პარალელურად, გაიმართება სტუდენტთა სეზონური სკოლა. მასში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი, საერთაშორისო აღიარების მქონე მეცნიერები, რომლებიც წაიკითხავენ მოხსენებებს და სკოლის მონაწილეებს გაუწევენ კონსულტაციას სადისერტაციო ნაშრომებზე.

 

ერთობლივი კონფერენცია - სეზონური სკოლის ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები არიან ინდუსტრიის წარმომადგენლები, თსუ რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და  ელექტროქიმიის ინსტიტუტის ყოფილი თანამშრომლების და მეგობარი ქიმიკოსების ორგანიზაციები: Caparol; Innosystems; SMC/Service Management Company, Chona’s Marani. რაც ამ ღონისძიების მთავარი მიზნის, - დანერგვაზე ორიენტირებული სამეცნიერო კვლევებისა და ინდუსტრიასთან თანამშრომლობის გაღრმავებას ეხმიანება. ღონისძიებაზე მოხსენებებს გააკეთებენ GITA-სა და SAKPATENTI-ის წარმომადგენლები.

 

სეზონური სკოლის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია უცხოელ დარგის სპეციალისტებთან კომუნიკაციის გზით: თანამედროვე საერთაშორისო სამეცნიერო მიდგომების, დანერგვაზე ორიენტირებული კვლევების, მეცნიერთა პირადი მაგალითებისა და გამოცდილების გაცნობა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ჩარიცხული სტუდენტებისათვის.  სეზონური სკოლა გათვლილია არა მხოლოდ საბუნებისმეტყველო დარგის სტუდენტებზე.  მის მონაწილეებს, საშუალება ექნებათ მოისმინონ უცხოელი და ქართველი ლექტორების მოხსენებები, რომლებიც ფარავენ ინტერდისციპლინური დარგების აქტუალურ საკითხებსაც.

 

სეზონური სკოლა დაფინანსებულია, თსუ - 2023 წლის სტუდენტური პროექტების კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტით: „იდეიდან - დანერგვამდე“.  

პორექტის წარმდგენები არიან, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის სტუდენტები, რომლებიც თავის კვლევით ნაშრომებს ასრულებენ თსუ რ.აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიისა და თსუ ალ. თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის ბაზაზე.

კონფერენცია-სეზონურ სკოლაში მონაწილეობენ: სტეფანო ბელუჩი, იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტი (INFN), რომი, იტალია; ფრედ ლისდატი, სიცოცხლის მეცნიერებათა შემსწავლელი და ბიოსამედიცინო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, გამოყენებითი მეცნიერებების ტექნიკური უნივერსიტეტი ვილდაუ. ვენკო ნ. ბეშკოვი, ქიმიური ინჟინერიის ინსტიტუტი ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემია, სოფია, ბულგარეთი; აკიფ შიხან ალიევი, „ნანოელექტროქიმიისა და ელექტროკატალიზის“ ლაბორატორიის ხელმძღვანელი, აკადემიკოს ნაგიევის სახელობის კატალიზისა და არაორგანული ქიმიის ინსტიტუტი, ბაქო, აზერბაიჯანი. მატეო გერლინი, საერთაშორისო და პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტი, სიენას უნივერსიტეტი, სიენა, იტალია.დილგამ ბაბირ ტაგიევი, აკადემიკოს ნაგიევის სახელობის კატალიზისა და არაორგანული ქიმიის ინსტიტუტის გენერალური დირექტორი, აზერბაიჯანის ნაციონალური აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ბაქო, აზერბაიჯანი;  არკადიუს მოდრჟევსკი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტი, გდანსკის  უნივერსიტეტი, გდანსკი, პოლონეთი.  სილვია მ. მროზოვსკა, მდგრადი განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ვიცე-რექტორი, გდანსკის უნივერსიტეტი, გდანსკი, პოლონეთი; პროფესორი, ჰოკაიდოს უნივერისტეტის კატალიზის ინსტიტუტი (Hokkaido University Institute for Catalysis), საპპორო, ჰოკაიდო, იაპონია.   ასოცირებული პროფესორი, ერევნის ჰაიბუსას უნივერსიტეტი, მთავარი მეცნიერი - მეცნიერებათა აკადემიის გეოინფორმატიკის ლაბორატორია, ერევანი, სომხეთი. 

 

სეზონური სკოლის მოსწავლეებს და ლექტორებს 25 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს.

 

დეტალური ინფორმაცია კონფერენციისა და სეზონური სკოლის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ, ღონისძიების საიტზე: https://conference23iice.ge.

 

თარიღი: 24/11/2023